გულის იმპლატირებადი აპარატი - კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, საყოველთაო ჯანდაცვის უკვე ყველა ბენეფიციარისთვის უსასყიდლოდაა ხელმისაწვდომი

 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების უფასო წვდომაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა.

ცვლილებებამდე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გულის მოწყობილობებს უსასყიდლოდ მხოლოდ განსაზღვრული კატეგორიების ბენეფიციარები (პენსიონერები, სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, შშმ პირები) იღებდნენ.

მოსახლეობის ჯანდაცვის გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგად, მაღალტექნოლოგიური აპარატი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის უკვე ყველა მოსარგებლისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი. მათ კლინიკებისთვის მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, ბენეფიციარის საყოველთაო ჯანდაცვის მიმდინარე სტატუსის შესაბამისად, 0-დან 30 % - მდე განისაზღვრება.

აპარატის გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებას დეფიბრილატორს უსასყიდლოდ გადასცემს.

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას. აუცილებლობის შემთხვევაში, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.

2021 წლიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ჩატარებულია 700-მდე წარმატებული ოპერაცია, რამაც პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა.

2022 წელს, კარდიოვერტერ - დეფიბრილატორების შესასყიდად, სახელმწიფომ 7 მილიონი ლარი გამოყო.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული პროგრამის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების ფინანსური მხარდაჭერა. იხილეთ ვიდეო