ჯეს-მა, კოვიდთან ბრძოლის ფონზე,  სახელმწიფო პროგრამების აღსრულების პროცესი უწყვეტად შეინარჩუნა


ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს, კოვიდთან ბრძოლის ფონზე, სხვა საჭიროებების მქონე პაციენტებზე ზრუნვა  არ შეუწყვეტია - შენარჩუნდა რიგი სახელმწიფო პროგრამების აღსრულება. დაწესებული შეზღუდვების დროს, სააგენტოს  მუშაობის სისტემა არსებულ გამოწვევებს მყისიერად მოერგო - განისაზღვრა  ბენეფიციართა საჭიროებები და ოპერატიულად გატარდა დამატებითი ღონისძიებები, კერძოდ:

 

  • მოხდა, თბილისსა და მის შემოგარენში მცხოვრები, დიალიზზე დამოკიდებული  500-მდე პაციენტის, კვირაში სამჯერ,  კლინიკაში  მიყვანის უზრუნველყოფა;

 

  • დიაბეტით დაავადებულ 700-მდე ბავშვს, „საქართველოს ფოსტის“ დახმარებით, საცხოვრებელ მისამართებზე მიეწოდა  გლუკომეტრის ჩხირები;  

 

  • იმისთვის, რომ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების მკურნალობის პროცესი არ შეჩერებულიყო, 108 პაციენტს, რომლებიც ცხოვრობდნენ იზოლაციაში მყოფ მარნეულსა და ბოლნისში, მკურნალობის სრულფასოვანი კურსი ადგილზე ჩაუტარდა;

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციფიკური მედიკამენტების მიმღები პირები სამკურნალო საშუალებებით მომარაგდნენ (100 პაციენტი). პაციენტის მიერ წამლის მიღების   შეფერხების არცერთი  შემთხვევა არ დაფიქსირებულა;

 

  • ამასთან, სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული განცხადებების საფუძველზე, მედიკამენტები მიეწოდათ საკარანტინო სივრცეში მყოფ ბენეფიციარებს - ბათუმში, კახეთში, ბაკურიანში, ცაგერში, თბილისსა და ზუგდიდში;

 

  • გამარტივდა ორსულთა რეგისტრაცია და  გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა;

 

  • სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების მიერ, ფსიქიკური პრობლემის მქონე ბენეფიციარებისთვის, რომლებიც ამბულატორიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ და სამედიცინო დაწესებულებებიდან თვეში ერთხელ კუთვნილ მედიკამენტებს იღებდნენ, მოხდა წამლების  საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უზრუნველყოფა;

 

  • ქრონიკული დაავადების მქონე პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს (ჯამში - 1157 ბენეფიციარს), რომლებიც პროგრამულ მედიკამენტებს სააგენტოს კონტრაქტორი აფთიაქებიდან იღებდნენ, ”საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით,   წამლები საცხოვრებელ მისამართებზე უსასყიდლოდ მიეწოდათ.

 

ამასთან, ჯეს-ი აქტიურადაა ჩართული კოვიდის მართვის მიზნობრივ პროგრამაში - სააგენტოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ პროცესის სრულფასოვან  განხორციელებას  და  ამავდროულად,  სხვა პროგრამების გამართულ მუშაობას.