ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო კარდიოვერტერ-დეფიბრილატორებს  პაციენტებს უსასყიდლოდ  გადასცემს

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო  მაღალი ხარისხის იმპლანტირებად დეფიბრილატორებს, რაც რთული არითმიების დროს, უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური საშუალებაა, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს უსასყიდლოდ გადასცემს.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია მიმდინარე წლის 7 დეკემბერს  გამოვლინდა და შედეგად, 25 დეკემბერისთვის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ერთი წლის მარაგით სრულად იქნება უზრუნველყოფილი. აპარატების გაცემა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება.

აშშ-ის ერთ-ერთი ავტორიტეტული კომპანიის მიერ წარმოებული აღნიშნული კარდიოდეფიბრილატორები ბევრ წამყვან კლინიკაშია აპრობირებული და სპეციალისტების დადებითი შეფასებით სარგებლობს.

„არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განისაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები, შემუშავდა სატენდერო კრიტერიუმები, განხორციელდა ფასთა კვლევა და დღეს უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც, წლის ბოლომდე, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს  უმაღლესი ხარისხის დეფიბრილატორებით უზრუნველყოფს.

ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ  520-ე დადგენილების მიღებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულია კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული და ხარისხიანი საყოველთაო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ემსახურება.“

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების რაოდენობა ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით განისაზღვრა და ის, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება.

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი - ესაა „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო  გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის იწყებს უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების  გენერირებას. აუცილებლობის შემთხვევაში, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ რეჟიმზეც გადადის და  გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე ორიენტირებული  მოცემული პროგრამის მიზანია შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების ფინანსური მხარდაჭერა.