საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარისთვის უსასყიდლოდ გადაცემული კარდიოდეფიბრილატორის ჩანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

პირველი პაციენტი, რომელსაც სახელმწიფოსგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი,  გულის არითმიის აპარატი უსასყიდლოდ გადაეცა, 58 წლის ლალი ბუცხრიკიძეა.  ის  სოციალურად დაუცველია და კახეთის სოფელ ვანთაში ცხოვრობს.  ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესაბამისი საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უფასოდ გაცემის პროცესი მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და  უკვე  27 განცხადება დაკმაყოფილდა.

აპარატების გადაცემის პროცედურა მარტივია და პაციენტის უშუალო ჩართულობას არ მოითხოვს: ექიმი, შესაბამისი ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში კონკრეტულ პაციენტზე ელექტრონულ განაცხადს აკეთებს, რომელსაც სააგენტო აკმაყოფილებს და სამედიცინო დაწესებულებას დეფიბრილატორს უსასყიდლოდ გადასცემს.  დანიშნულების ადგილზე აპარატების უსაფრთხო და დროულ ტრანსპორტირებასაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო უფასოდ ახორციელებს.

„არითმოლოგთა ასოციაციასთან“ ერთად, დეტალურად განისაზღვრა ის მახასიათებლები, რასაც მაღალი ხარისხის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ჯეს-ის საცავებში უკვე  დასავლური სტანდარტის აპარატების 1 წლის მარაგია მობილიზებული, რომელიც, საჭიროებისამებრ, სისტემატურად შეივსება.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი  - ესაა ორგანიზმში „ჩაშენებული რეანიმატოლოგი“ - „გულის მცველი“, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში სიცოცხლის გადარჩენის პროცედურას ავტომატურ რეჟიმში ახორციელებს. თუ ხელსაწყო გულის რითმულობის უმნიშვნელო დარღვევას აღმოაჩენს, ის უმტკივნეულო ელექტრული იმპულსების გენერირებას იწყებს. საჭიროების შემთხვევაში, „ჭკვიანი აპარატი“ უფრო მძლავრ  რეჟიმზეც გადადის  და  გულის ჯანსაღ რითმს აღადგენს.

რეფორმით გატარებულმა ცვლილებებმა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა კლინიკაში ამ და სხვა მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებამ პაციენტის თანაგადახდის წილი საგრძნობლად შეამცირა, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

შედარებისთვის, პაციენტ ლალი ბუცხრიკიძის განმარტებით, პროექტის დანერგვამდე,   კლინიკამ ოპერაცია 25 000 ლარი დაუფასა - 10 000 ლარი მას უნდა მოეძია, ხოლო სახელმწიფო 15 000 ლარს ფარავდა. საყოველთაო ჯანდაცვის კარდიოქირურგიული კომპონენტის და ახლადდანერგილი პროექტის ფარგლებში,  სამედიცინო მომსახურებისა და  აპარატის ღირებულება ჯანდაცვის სამინისტრომ სრულად დააფინანსა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარს ოპერაცია უფასოდ გაუკეთდა.

მოქალაქეებს კლინიკებისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის შესაბამისად,  მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ღირებულების თანაგადახდა უწევთ, რომლის ოდენობა, სოციალური სტატუსის მიხედვით, 0-დან 20 პროცენტამდე განისაზღვრება.

რთული არითმიების დროს უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ეფექტური აპარატის ბენეფიცირებისთვის უფასოდ გადაცემის პროექტი მთავრობის 520-ე დადგენილებას  უკავშირდება, რომელიც ჯანდაცვის სექტორის გრძელვადიან განვითარებასა და გაძლიერებაზეა ორიენტირებული.