ხშირად დასმული კითხვები | ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო
ბენეფიციარი
პროვაიდერი
როგორ შეძლებთ მიიღოთ ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ფარგლებში, ოჯახის ექიმის ვინაობისა და იმ სამედიცინო დაწესებულების შესახებ, სადაც ხართ რეგისტრირებული.

🔵 პორტალზე: ambulatoria.moh.gov.ge პირადი ნომრის მითითებით, შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რომელ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ხართ რეგისტრირებული და ვინ არის თქვენი ოჯახის ექიმი.

ვის უნდა მიმართოს კოხლეარული იმპლანტის საჭიროების მქონე პირმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ განაცხადი იმპლანტის მოთხოვნაზე უკვე შეავსო სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში (მის.: თბილისი, მიხეილ ასათიანის N9).

🔵კოხლეარული იმპლანტის საჭიროების მქონე პირმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, უნდა მიმართოს იმ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც აპირებს სამედიცინო მომსახურების მიღებას. სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი უზრუნველყოფს პაციენტის შესახებ მონაცემების ელექტრონულად გადმოგზავნას სსიპ „ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში“. გადაწყვეტილების შესახებ (დადებითი / უარყოფითი) ინფორმაცია ბენეფიციარს ეცნობება მოკლე ტექსტური შეტყობინებით.

სად არის შესაძლებელი C ჰეპატიტის გამოკვლევა და მკურნალობა.

🔵 C ჰეპატიტზე უფასო გამოკვლევისა და მკურნალობის სერვისის მიმწოდებელი კლინიკების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

როდესაც ქალი C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელია, რა რისკებთან არის დაკავშირებული ორსულობა, მშობიარობა.

🔵სასურველია, C  ჰეპატიტის ვირუსის გამოკვლევა და განადგურება მოხდეს ორსულობამდე. მკურნალობის პროცესში დაფეხმძიმება არ არის რეკომენდებული. მაქსიმალური მოცდის პერიოდი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეა. თუ ვირუსი ორსულობის დროს გამოვლინდა, საჭიროა დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება, ხოლო მშობიარობის შემდგომ ჰეპატოლოგთან ვიზიტი.

C ჰეპატიტით ხელახალა დაინფიცირების შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა პროგრამით ხელმეორედ სარგებლობა.

🔵სამწუხაროდ, C ჰეპატიტის ვირუსისთვის რეინფიცირება მარტივადაა შესაძლებელი. პროგრამით სარგებლობა პაციენტისთვის არ არის ლიმიტირებული.

 

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის პროცესში დაწესებულების შეცვლა.

🔵 C ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტს დაწესებულების შეცვლა, გარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით (დადასტურებული დოკუმენტით – ფორმა №IV-100/ა) გამოწვეული გამონაკლისებისა, შეუძლია პირველადი კონფირმაციული კვლევის პასუხის მიღების შემდგომ. თუ პაციენტმა იმავე დაწესებულებაში გააგრძელა დიაგნოსტიკური კვლევები, კლინიკის შეცვლას შეძლებს მხოლოდ მკურნალობის პროცესის დაწყების (მედიკამენტის მიღების) წინ.

რა ღირს C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

🔵 C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა 100%-ით ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამით - C ჰეპატიტის მართვა.

🔵პროგრამით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე  პირს, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს.

როგორ ხდება ბენეფიციარის პოლიკლინიკის/კლინიკის აღრიცხვიდან მოხსნა.

🔵გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში რეგისტრაციის გასაუქმებლად, გთხოვთ, მიმართოთ, რეგისტრაციის შესაბამისად,  სამედიცინო დაწესებულებას. პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მიმართეთ სსიპ-ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. №144) ან მის რეგიონულ სამსახურებს.

დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირობების თანახმად, სამედიცინო დაწესებულების შეცვლა შეგიძლიათ პირველადი რეგისტრაციიდან ორი თვის გასვლის შემდგომ.

 

 

ითვალისწინებს თუ არა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა პაციენტის მიერ ე.წ. VIP ოთახის, კონკრეტული ექიმის, ასევე სამედიცინო დანიშნულების საგნების არჩევას?

🔵„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ტარიფი ითვალისწინებს პროგრამული შემთხვევის დასაწყისიდან მის დასრულებამდე სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტისთვის აღმოჩენილ ყველა სამედიცინო აუცილებლობით განპირობებულ ჩარევას, მათ შორის: გაუტკივარების, გამოყენებული მედიკამენტების, სხვა სამკურნალო თუ სახარჯი მასალისა და ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ღირებულებას, პოსტანესთეზიური მოვლისა და ინტენსიური მკურნალობა/მოვლის განყოფილებაში პაციენტის დაყოვნების გათვალისწინებით, როდესაც პაციენტები იმყოფებიან ერთი ან მეტი სასიცოცხლო ფუნქციის უკმარისობის განვითარების რისკის ქვეშ, აღენიშნებათ სტაბილური ჰემოდინამიკა და რესპირაცია, თუმცა, ვიტალური ფუნქციების მოსალოდნელი გაუარესების გამო, საჭიროებენ მუდმივ ინტენსიურ მეთვალყურეობას და ფარმაკოლოგიურ ან/და მინიმალურ აპარატურულ მხარდაჭერას.

ამდენად, ტარიფი არ ითვალისწინებს იმ მომსახურების ხარჯებს, რომლებიც სამედიცინო აუცილებლობით არ არის განპირობებული (მ.შ. VIP ოთახი, კონკრეტული ექიმის არჩევა და სხვა) და შესაბამისად, ეს მომსახურებები პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება.      

“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, პაციენტისათვის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლების ზევით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის, დადგენილი წესით ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია გასაწევი სამედიცინო მომსახურების და შესაბამისი ანაზღაურების პირობები და ოდენობა. ხოლო, სამედიცინო დანიშნულების საგნები (მწარმოებლის მიუხედავად) ტარიფის შემადგენელი ნაწილია. ამდენად, მასზე დამატებითი გადახდის დაწესება პროგრამის მოსაგრებლეებისათვის ეწინააღმდეგება „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობებს.

 

როგორ ხდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების მიღება, მოსარგებლეთა კატეგორიების მიხედვით და რა პირობებით.

🔵 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

რა ვადაა საჭირო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მისაღებად (სასწრაფო - დაყოვნებული და გეგმური დაფინანსება).

🔵მატერიალიზებული ვაუჩერის/მიმართვის მომზადების ვადა სასწრაფო-დაყოვნებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში განისაზღვრება 5 დღით, ხოლო გეგმური მომსახურების მიღებისას, მოლოდინის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს, თუმცა, მოლოდინის პერიოდის ხანგრძლივობა სამედიცინო ჩვენებით განისაზღვრება.

სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება (დადებითი ან უარყოფითი) მოსარგებლეს ეცნობება სმს შეტყობინებით.

მოსარგებლის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიმართეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 05

ვის შეუძლია მიიღოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტები.

🔵 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

როგორ ხდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის დაფინანსება.

🔵 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას:

ა) მშობიარობა – ლიმიტი 500 ლარი;

ბ) საკეისრო კვეთა – ლიმიტი 800 ლარი.

დაფინანსება ნარჩუნდება კერძო დაზღვევის შემთხვევაშიც, გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული პირებისა.

როგორ ხდება სპეცმედიკამენტების საჭიროების მქონე პირთა უზრუნველყოფა.

🔵 დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

კორონაროგრაფიისთვის განკუთვნილი თანხა გაჭირვებით ფარავს ამ პროცედურის ხარჯებს. როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც საქმე ეხება პაციენტს მიოკარდიუმის ინფარქტით, რომელსაც პროცედურის შემდგომ სჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობის გაგრძელება, საიდან უნდა დაიფაროს დამატებითი საწოლდღეების ხარჯი.

🔵მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი მიეკუთვნება I დონის ინტენსიური მკურნალობა/მოვლის კოდებს. შესაბამისად, კორონაროგრაფიის შემდგომ დღეებში, მისი სტაციონარული მკურნალობა გაგრძელდება ინტენსიურის კოდით.

 

 

 

 

 

ერთი შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული განმეორებითი კარდიოქირურგიული ჩარევა ანაზღაურდება 50%-ით.

🔵თუ ერთი შემთხვევის ფარგლებში, განმეორებით ხორციელდება იგივე ქირურგიული ჩარევა, დამატებითი თანხით ანაზღაურება არ განხორციელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. თუ საუბარია განსხვავებულ ოპერაციულ ჩარევაზე, დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურება დაფინანსდება 50 %-ით.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში 36-ე დადგენილების პირობებით, ე.წ. „მიზნობრივი პაკეტით“ მოსარგებლეებისთვის გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს დაწესებულების მიერ წარდგენილი ტარიფისა (მუხლი 22. პუნქტი 7). საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის N520 დადგენილებით, ყველა სხვა პაკეტის და კომპონენტის ფარგლებში, კარდიოქირურგიული მომსახურება ანაზღაურდება სახელმწიფო ტარიფებით, მიუხედავად ფაქტობრივი ხარჯისა. ამ პირობებიდან გამომდინარე, როგორ მოხდება „მიზნობრივი პაკეტით” მოსარგებლეების გადაუდებელი კარდიოქირურგიული ოპერაციების ანაზღაურება, თუ ფაქტობრივი ხარჯი იქნება ტარიფზე ნაკლები.

🔵გამომდინარე იქიდან, რომ კარდიოქირურგიული ოპერაციები N520 დადგენილებით ანაზღაურდება ტარიფით (და არა კლინიკის შიდა სტანდარტით), მნიშვნელობა აღარ აქვს ფაქტობრივი ხარჯის ოდენობას. ანაზღაურება განხორციელდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფით.

როგორია კარდიოქირურგიული მომსახურების ფარგლებში, ზოგიერთი ხელოვნური კოდის მოცულობა.

🔵„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში  N1.8 დანართით განსაზღვრული პროცედურები დაზუსტებული იყო ICD – NCSP კლასიფიკატორის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის  N520 დადგენილებით, ცვლილებები კარდიოინტერვენციის მიმართულებით, შეეხო მხოლოდ ხელოვნური კოდის ღირებულებას, ხოლო პროცედურულად ინტერვენციის მოცულობა დარჩა უცვლელი.

აზრთა სხვადასხვაობით გამოწვეული  გარემოებების გამო, გთავაზობთ ხელოვნური კოდის მოცულობის დაზუსტებას, პროცედურულ დონეზე:

     

ხელოვნური კოდი

2019 წლის 5 ნოემბრის  N520 დადგენილებაში არსებული ჩანაწერი

დაზუსტება

2CAR

ბალონური დილატაცია

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/ - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია/ბალონური დილატაცია

3CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 1 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/- გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 1 სტენტით)

4CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 2 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/ - გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 2 სტენტით)

5CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 3 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-  გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 3 სტენტით)

6CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 4 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-  გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 4 სტენტით)

7CAR

კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 5 სტენტით)

I20-I25 -/-გულის იშემიური ავადმყოფობა -/-  გულის და/ან კორონარული არტერიების ანგიოგრაფია / კორონარული ანგიოპლასტიკა (სტენტირება 5 სტენტით)

როგორ ხდება ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორით“ სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა.

🔵„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1.8 დანართით განსაზღვრული ,,ერთ/ორკამერიანი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორით და რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორით“, უზრუნველყოფის საკითხზე, 2020 წლის 31 დეკემბრის  №10-55/ო ბრძანებით განისაზღვრა  დეფიბრილატორების სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემა/განაწილების წესი და ამ პროცესის მართვის დამატებითი პირობები (2020 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №10-55/ო დანართი №6).

 

დაგვისვით კითხვა