,,აივ-ინფექცია/შიდსის" მართვა

რა არის სახელმწიფო პროგრამის - აივ-ინფექცია/შიდსი" მიზანი?

  • აივ-ინფექცია/შიდსის ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენა;
  • აივ-ინფექცია/შიდსის გავრცელების შეფერხება;
  • აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ვინ არის პროგრამის მოსარგებლე?

პროგრამის მოსარგებლენი არიან:

  • საქართველოს მოქალაქეები;
  • პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად;
  • მაღალი რისკის ჯგუფებში (ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და მათი სქესობრივი პარტნიორები, მამაკაცები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (მსმ), ადამიანები, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი რაიმე სახის ანაზღაურების მიღების მიზნით (სექს-მუშაკი) და მათი კლიენტები) 15-ნიშნა დაშიფრული კოდით იდენტიფიცირებული პირები.

მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.

რას მოიცავს პროგრამა?

აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფას ამბულატორიული მომსახურებით, რაც გულისხმობს:

  • პირველ და განმეორებით ვიზიტს;
  • ოპორტუნისტული ინფექციების მკურნალობას, შესაბამისი მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
  • ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას;
  • ექიმის ვიზიტს პაციენტთან;
  • C ჰეპატიტის მკურნალობის მონიტორინგს;
  • ტუბერკულოზის იზონიაზიდით პროფილაქტიკური მკურნალობის განხორციელებას;
  • აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციულ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას (პრეექსპოზიციური და პოსტკონტაქტური პროფილაქტიკა) მაღალი რისკის ჯგუფებში;
  • ანტირეტროვირუსული (არვ) თერაპიის მონიტორინგის მობილური ბრიგადებით მომსახურებას, რომელიც მოიცავს ბინაზე კონსულტაციას, მედიკამენტების მიწოდებას, ლაბორატორიული მონიტორინგისთვის სისხლის აღებას და ტრანსპორტირებას;
  • აივინფიცირებულ პირთა ბინაზე მოვლას, რომელიც ითვალისწინებს შიდსის პროგრესირებული შემთხვევების დროს პაციენტთან ბინაზე ვიზიტსა და მის ბინაზე მოვლას.

 აივ-ინფექცია/შიდსით დაავადებულთა უზრუნველყოფას სტაციონარული მკურნალობით, რაც გულისხმობს:

  • შიდს-ინდიკატორული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას;
  • აივ-ინფექცია/შიდსის თანმხლები დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

პაციენტებისთვის აივ-ინფექცი/შიდსის სამკურნალო მედიკამენტებისა და აივ ინფექცი/შიდსის სადიაგნოსტიკო/სახარჯი მასალების ნაწილის უზრუნველყოფას ახორციელებენ დონორი ორგანიზაციები.

ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?

აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ დაწესებულებებს, რომელებიც ახორციელებენ აღნიშნულ პროგრამას.

როგორ ხდება პროგრამის ანაზღაურება?

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან.

იხილეთ  პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი კლინიკების ჩამონათვალი.

,,2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N828 დადგენილება